Breaking

loading...

ვინ არის სონია კენინი? ახალი შარაპოვა, კურნიკოვა თუ...



ავსტრალიის ღიას ქალთა ტურნირის ტრიუმფატორი გახდა 21 წლის ამერიკელი სონია კენინი, რომელმაც ბავშვობაში მთელს საჩოგბურთო სამყაროს შეაყვარა თავი, დღეს კი ის ქალების ჩოგბურთის დედოფალია...


ხუთი წლის ასაკში, სონიას მამამ ალექსანდრმა გოგონასადმი მიძღვნილი ვებგვერდი შექმნა, რომლის წყალობითაც ბავშვი შეამჩნიეს და მარია შარაპოვას, ენდი როდიკისა და სხვა ვარსკვლავების აღმზრდელი ცნობილი მწვრთნელის რიკი მაკის აკადემიაში მიიწვიეს. სამი წლის შემდეგ, კენინმა ამერიკის შეერთებული შტატების პროფესიული საჩოგბურთო ასოციაციის ჟურნალის გარეკანი დაამშვენა. "ის ყველაზე ნიჭიერი ბავშვია, ვინც ოდესმე მინახავს", - აღფრთოვანებული იყო მაკი.

უნაკლო, მხიარული და საყვარელი გოგონას პოპულარობა გაიზარდა მის შესახებ tennis channel-ზე მომზადებული სატელევიზიო გადაცემის შემდეგ. სონიასთან ერთად ფოტო გადაიღო მარია შარაპოვამ, მასზე მეურვეოდა ჰქონდა აღებული ანა კურნიკოვას და ხელის გულზე დაატარებდა კიმ კლაისტერსი. კენინი ესწრებოდა ვარსკვლავების ვარჯიშებს და ყველასთვის საყვარელი ბავშვი იყო, რომლისთვისაც მოფერება და ღირებული რჩევის მიცემა ყველას უნდოდა.
სონიას ამგვარი შესაძლებლობა მამის წყალობით ჰქონდა, რომელიც გამომუშავებულ თანხას ქალიშვილის პროგრესზე ხარჯავდა - მათი ოჯახის ისტორია ჰგავს მარია და იური შარაპოვების გარღვევას. სვეტლანა და ალექსანდრ კენინები მოსკოვიდან ნიუ იორკში ჯერ კიდევ 1987 წელს გადავიდნენ - მათ ამერიკამდე ავსტრიისა და იტალიის გავლით ჩააღწიეს. "მხოლოდ 300 დოლარი გვქონდა. მე ვსწავლობდი პროგრამირებას და ღამღამობით ავტოსერვისზე ვშოულობდი ფულს, გარდა ამისა, მეუღლე ექთნად მუშაობდა", - ყვება უფროსი კენინი.
აშშ-ში მოწყობა გაჭიანურდა - ამერიკაში გატარებული 10 წლის შემდეგაც კი კენინები არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ახალ ქვეყანაში მომავალი ჰქონდათ. 1998 წელს, სვეტლანა კენინი დაფეხმძიმდა და იმის შიშით, რომ მუდმივად სამუშაოზე მყოფი ქმრის გამო, ბავშვის მოვლა გაუჭირდებოდა, მოსკოვში დაბრუნდა. სონია რუსეთში დაიბადა, ბებია დიდ მონაწილეობას იღებდა მის აღზრდაში, და მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, კენინები დაბრუნდნენ ამერიკაში. ალექსანდრმა ოჯახი ფლორიდაში გადაიყვანა, სადაც დაიწყო სოფიას ჩოგბურთელად ჩამოყალიბება. "მინდოდა", ჩემს ქალიშვილს ამერიკული ოცნება ჰქონოდა. მოახარული ვარ, რომ მთელი ეს მონდომება წყალში არ ჩაიყარა", - ამბობს უფროსი კენინი.

თანდათან საყვარელი ბავშვი სონია სახიფათო მოთამაშე გახდა. 18 წლისა მეორე ადგილზე გავიდა იუნიორთა რეიტინგში და დებიუტი ჰქონდა აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ტურნირზე. სამი წლის შემდეგ, ამერიკელი TOP50-შე შევიდა და როლან გაროსზე თვით სერენა უილიამსი დაამარცხა. WTA-ის პირველი ტიტული გოგონამ მოიპოვა ჰობარტში, როცა ერთი სეტიც არ წააგო, რის შემდეგაც, 2019 წლის ბოლომდე ასევე მოიგო ტიტულები მალიორკასა და გუანგჯოუში. კენინმა წელი მე-14 ადგილზე დაასრულა და მიიღო WTA-ის პრიზი - "წლის ყველაზე სრულყოფილი მოთამაშე". ის გახდა პირველი ამერიკელი 1999 წლის შემდეგ, ვინც ეს პრემია დაიმსახურა.
ალექსანდრ კენინი - ერთადერთი მწვრთნელია გოგონას კარიერაში. სონია აღიარებს, რომ ისინი რუსულ და ინგლისური ენების ნაზავით ლაპარაკობენ, მაგრამ ამით რუსეთთან კავშირი მთავრდება. გოგონა ამბობს, რომ ის 100 პროცენტით ამერიკელია და ყოველთვის ამის დემონსტრირებას ახდენს. ავსტრალიის ღიას ფინალზე მუგურუსას წინააღმდეგ ის გავიდა ჩოგნით, რომლის ტარი გაფორმებული იყო ამერიკის დროშის ფერებში.
მუგურუსას დამარცხებაში ამერიკელს დაეხმარა თავისი მთავარი კოზირი - მეტოქეთა თამაშის დანგრევის უნარი. ისეთი მძლავრი შემსრულებლების წინააღმდეგ, როგორიც გარბინე მუგურუსაა, ის იყენებს მეტოქეთა დარტყმების ძალას, სწრაფი და მოძრავი მოთამაშეების წინააღმდეგ მატჩებში კი ინიციატივას იღებს და პირველ ნომრად მოქმედებს. ავსტრალიის ღიამდე კენინი არასოდეს გადიოდა "დიდი სლემის" ტურნირებზე მერვედფინალზე შორს. ახლა კი 21 წლის ჩოგბურთელი მელბურნის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა 2008 წლის შემდეგ, როცა იქ მარია შარაპოვამ გაიმარჯვა. ტურნირის შედეგების მიხედვით, კენინს დებიუტი ექნება ტოპ-ათეულში და გახდება მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი.


Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი
loading...

ssss