loading...

1 ოქტომბერს მართმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეების ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების – ელიზბარისა და შალვას ხსენების დღეს აღნიშნავს.

1 ოქტომბერს მართმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეების ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების – ელიზბარისა და შალვას ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები მოწამეობრივად 1661 წელს აღესრულნენ. XVII საუკუნეში შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა. ბიძინა ჩოლოყაშვილმა და ქსნის ერისთავებმა, ბიძა-ძმისშვილმა, გადაწყვიტეს თათრების წინააღმდეგ ებრძოლათ. არაგვის ერისთავმა ზაალმა მათ მცირეოდენი მხედრობა მიაშველა. აჯანყებულები ფარულად ბახტრიონის ციხეში დაბანაკებულ თათრებს მიუხდნენ. იმავე დღეს კი, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე – ალავერდში მყოფ ყიზილბაშებს, გაანადგურეს ისინი და არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა თავს გაქცევით უშველა.


განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, შაჰ-ნავაზად წოდებულ ვახტანგს, ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარისა და შალვა ქსნის ერისთავების მასთან გაგზავნა მოსთხოვა. შაჰ-აბასი მათგან სარწმუნოების გამოცვლას ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ ისინი სასტიკად აწამა. ჯერ ქსნის ერისთავებს მოკვეთეს თავები. წმ. ბიძინა ჩოლოყაშვილი კი ჯალათებმა ცოცხლად აკუწეს. მას თანდათან ანაკუწებდნენ და ბოლოს დაჩეხილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ჯალათმა გულში შუბი უგმირა.
წმიდა მოწამეთა გვამებს ღამით ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.
მოგვიანებით, შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა წმიდანთა ნეშტი სამშობლოში გადმოასვენებინეს. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
***
ტროპარი: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.
loading...