loading...

ფასი – The basics of Business-ფასწარმოქმნა

ფასების პოლიტიკას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში. მის სწორად წარმართვას ნებისმიერი კომპანიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ფასი განსაზღვრავს კომპანის ფინანსურ მდგომარეობას, კონკურენტულ პოზიციასა და მყიდველებთან დამოკიდებულებას.
ფასწარმოქმნა (Pricing) რთული ამოცანაა, ხოლო რისკი მაღალია. როგორ უნდა დადგინდეს ოპტიმალური ფასები?
ფასების პოლიტიკის შემუშავებისას კომპანიის მენეჯერები შემდეგ ძირითად საკითხებს წყვეტენ:
* პროდუქტის თავდაპირველი ფასის განსაზღვრა;
* ფასების ადაპტირება დროსა და სივრცეში, რათა ისინი შეესაბამებოდნენ ბაზრის სხვა მოთხოვნებს;
*როგორი რეაგირება უნდა მოხდეს კონკურენტების მიერ ფასების ცვლილებისას.
გადაწყვეტილების მიღება პროდუქტზე ფასის დადების შესახებ აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც ან ახალ პროდუქტს ვნერგავთ ბაზარზე, ან ვანაწილებთ არსებულ პროდუქტს ახალი არხებით, ან ახალი ბაზრის ათვისებას ვცდილობთ.
პროდუქტზე ფასის დადგენის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
* ფასწარმოქმნის მიზნის დასახვა;
* სავარაუდო გაყიდვების განსაზღვრა;
* დანახარჯების შეფასება;
* კონკურენტების პროდუქტის ხარისხისა და ფასის ანალიზი;
* ფასწარმოქმნის მეთოდის შერჩევა;
* საბოლოო ფასის შერჩევა.
ყველაზე მეტად გავრცელებული მიზნებია მოგების ან გაყიდვების მოცულობის მაქსიმიზაცია; კომპანიის ხელმძღვანელობა უნდა ცდილობდეს ისეთი ფასი დაადოს პროდუქტს, რომელიც დაფარავს მის წარმოებასთან, განაწილებასა და გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს და მაქსიმალურ მოგებას მოუტანს კომპანიას.
კომპანიის მიერ პროდუქტის წარმოებასა და მის რეალიზაციაზე გაწეული ყველა დანახარჯის შეკრებით მივიღებთ კომპანიის საერთო დანახარჯებს (Total Costs). საერთო დანახარჯებისა და წარმოებული პროდუქციის რაოდენობის შეფარდებას საშუალო დანახარჯებს (Average Costs) უწოდებენ. ბუნებრივია, რომ პროდუქტზე დადებულმა ფასმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოს საშუალო საერთო დანახარჯების დაფარვა.
ფასწარმოქმნის ყველაზე მარტივი და გავრცელებული მეთოდია დანახარჯი პლიუს დანამატი (Cost-Plus Pricing). მეთოდი ითვალისწინებს პროდუქტზე ისეთი ფასის დადებას, რომელიც უზრუნველყოფს დანახარჯების ამოღებას და სასურველი დონის მოგების მიღებას. სხვაობას პროდუქტის გასაყიდ ფასსა და  მასზე გაწეულ დანახარჯს შორის ფასნამატი (Markup) ეწოდება. გასაყიდ ფასში დანამატის პროცენტს უწოდებენ ფასნამატის წილს.
ერთ პროდუქტზე გაწეული საერთო საშუალო დანახარჯები – AC=TC/Q ;  
ერთი პროდუქტის გაყიდვით X%_ის მოგება( ანუ დანახარჯზე  დამატებული თანხა)  – (AC/100-X%)*100
მოგება დანახარჯთან მიმართებაში შეადგენდეს X%_ს – (TC+(X%*TC))/Q
როდესაც კომპანია ბაზარზე ყიდის რაიმე პროდუქტს გარკვეული რაოდენობით, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანია ამ პროდუქტის ბაზარზე გარკვეულ წილს იკავებს. საბაზრო წილი (Market Share) გამოხატავს კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის მოცულობის შეფარდებას ბაზარზე რეალიზებული პროდუქციის მთლიან მოცულობასთან.
არსებობენ კომპანიები, რომლებიც აწესებენ ბაზარზე არსებულზე უფრო დაბალ ფასებს. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი პრაქტიკა, როდესაც პროდუქტი ღირს უფრო ნაკლები, ვიდრე კონკურენტებისა, გამოიყენება როგორც ბაზარზე შეღწევის საშუალება.
სხვა ალტერნატივა – ეს არის ფასების დაწესება ბაზარზე მიღებული ფასების დიაპაზონში.
loading...