loading...

ფულის მუზეუმი

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი დაარსდა 2001 წელს, იგი 1981-1989 წლებში მოქმედი „ბანკის მუზეუმის" ბაზაზე აღმოცენდა და საქართველოს ისტორიასა და თანამედროვე მსოფლიოში ფულის, როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტიკისა და მისი განვითარების დონის წარმოჩენას, საქართველოში ნუმიზმატური და ბონისტური მოძრაობის პროპაგანდასა და ამ სფეროში კავშირების განმტკიცებას ემსახურება.
საქართველოში სხვადასხვა პროფილის მრავალი მუზეუმია და ბევრ მათგანში სხვა სახის სამუზეუმო ექსპონატების გვერდით ძველი ფულის ნიშნებიც ინახება, მაგრამ ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად და განუყოფლად მხოლოდ ფულს ეძღვნება და, თანაც, ფულს - არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში. მუზეუმის გამოფენაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან დღემდე და აქვეა წარმოდგენილი თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.

ფულის მუზეუმის გამოფენა ღიაა ყოველდღე, ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 09.30 საათიდან 16.30 საათამდე (შესვენება – 13.00 სთ.-დან 14.00 სთ.-მდე).
ფულის მუზეუმში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული პროდუქცია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 

ყვარელი, რუსთაველის ქ. N 10,
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ტელეფონი :  +995 32 229 66 04 

ფულის გამოფენა
ფულის გამოფენა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთი მუზეუმია საქართველოში, სადაც სისტემურადაა გამოფენილი საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცეული ფულის ნიშნები: კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის სტატერი, რომის რესპუბლიკისა და იმპერიის ფულის ნიშნები, პართიული მონეტები, სასანური და ქართულ-სასანური დრაქმები, არაბული და ქართულ-არაბული დირჰემები, ბიზანტიის იმპერიის ნომისმები, გაერთიანებულ საქართველოს მეფეთა მიერ (ბაგრატ-III ის, ბაგრატ-IVის, დავით აღმაშენებლის, დემეტრე I-ის, გიორგი -III ის, თამარ მეფის, ლაშა-გიორგი IV-ის, რუსუდანის, დავით VI ნარინის, დავით VII ულუს, დემეტრე-II თავდადებულის, დავით-VIII ის, ვახტანგ-III ისა და გიორგი V ბრწყინვალის) მოჭრილი საფასეები. საქართველოში მონღოლთა ბატონობის პერიოდში მოჭრილი და მიმოქცეული მონეტები, ტრაპიზონული ასპრები, XIV-XV  საუკუნეების ქართული მონეტები, XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში ქართველ მეფეთა მიერ მოჭრილი საფასეები, XVII-XVIII საუკუნეებში თბილისში მოჭრილი საქალაქო მონეტები, თეიმურაზ-II ისა და ერეკლე-II მიერ მოჭრილი მრავალი სახეობის ქართული ფული, სეფიანთა და აფშართა დროის ირანული მონეტები, ოსმალური საფასეები, ევროპული დუკატები და ტალერები, 1804-1834 წლებში თბილისში მოჭრილი ქართულ-რუსული ფული, რუსეთის იმპერიის დროინდელი ბანკნოტები და მონეტები, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, 1918-1921 წლებში გამოშვებული ამიერკავკასიის კომისარიატისა და დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები, აგრეთვე საქართველოსა და ამიერკავკასიის ფედერაციის ბონები, გამოშვებული საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, 1921-1924 წლებში, ასევე საბჭოთა კავშირის ფულის ნიშნები. 


მუზეუმის დარბაზის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია „სამარხი“, სადაც წარმოდგენილია საუკუნეების განმავლობაში ფულისა და ზოგადად განძის შენახვის სცენა. 




მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საქართველოს ეროვნულ ვალუტა - ლარს. წარმოდგენილია 1995 წლიდან დღემდე ლარის ნომინალების ყველა ემისიის ბანკნოტის ნიმუშები, ქართული თეთრის მონეტები, ფულის ბეჭვდის დროს გამოყენებული ორიგინალი მასალები და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ქართული ფულის შესახებ არსებული ლიტერატურა. 



მუზეუმის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ასევე გაეცნოს თანამედროვე მსოფლიო ფულს, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი ფულის მუზეუმში. გამოფენის ეს ნაწილი კარგ სამსახურს უწევს თანამედროვე მსოფლიოს ფულის ნიშნებით დაინტერესებულ საზოგადოებას.


ფულის მუზეუმში ცალკეა წარმოდგენილი საინფორმაციო ვიტრინა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, სადაც ვიზიტორს აქვს საშუალება გაეცნოს საქართველოს ცენტრალური ბანკის ისტორიას, მისიას და ფუნქცია-მოვალეობებს.


საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც არა მარტო პროპაგანდას უწევს ქართული ფულის ეროვნულ მემკვიდრეობას, არამედ შეუზღუდავად აწვდის ნუმიზმატიკითა და ბონისტიკით დაინტერესებულ პირებს სრულფასოვან ინფორმაციას აღნიშნულ სფეროებში ეროვნული და მსოფლიო მიღწევების შესახებ. მუზეუმში რეგულარულად იმართება საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციები და ეწყობა საექსკურსიო ტურები სტუდენტებისა და მოსწავლე ახალგაზრდობისათვის.


ფულის მუზეუმის მსურველებს შეუძლიათ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით შეიძინონ ქართული საინვესტიციო და საკოლექციო მონეტები, ქართული ლარის ბანკნოტები და მონეტები, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს ზოდები, ისტორიული მონეტების ასლები, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული - წიგნი „ფული საქართველოში“.

loading...