loading...

მონეტათა გამოშვების ცენტრები ძველ საქართველოში



ძველ საქართველოში ფულის მოჭრის ისტორიისა და მონეტათა აღწერილობის ფონზე საინტერესოა თუ სად იჭრებოდა ესა თუ ის სამონეტო ტიპი. ხშირად ამის დადგენა არ წარმოადგენს რაიმე სიძნელეს, რადგან სათანადო ცნობა მოთავსებულია უშუალოდ თვითონ მონეტაზე, მაგრამ როდესაც ეს ცნობა მონეტას არ ახლავს, საქმე რთულდება და საჭირო ხდება დამატებითი, ირიბი მონაცემების გამოყენება. ძველ საქართველოში ათზე მეტი ზარაფხანა მოქმედებდა; აღსანიშნავია, რომ ამ ზარაფხანების დიდი უმრავლესობა უშვებდა მრავალფეროვან, მაგრამ ძირითადად ეროვნული ხასიათის პროდუქციას. საქართველოში საკუთარი ფულის მოჭრის უფლებით სარგებლობდნენ არა მარტო „მეფეთა მეფენი“, არამედ ცალკე გავლენიანი ფეოდალებიც. ანტიკური პერიოდის ქართულ მონეტათა უმრავლესობას ცნობები მოჭრის ადგილის შესახებ არ ახლავს. ცნობები ამის შესახებ არც იმდროინდელ წერილობით წყაროებში მოიპოვება. ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში დიოსკურიული (ახლანდელი სოხუმი) მონეტა წარმოადგენს, რომელზედაც ამოკვეთილია სათანადო წარწერა. ამრიგად, მიუხედავად კოლხური თეთრის განსაკუთრებული გავრცელებისა და სიმრავლისა, ჩვენ მოკლებული ვართ საშუალებას კონკრეტულად დავასახელოთ მონეტის მოჭრის იმდროინდელი ცენტრი. არსებობს მოსაზრება, რომ კოლხურ თეთრს ჭრიდნენ ფასისში და სხვა სანაპირო პოლისებში, 2 მაგრამ არსებული ფაქტობრივი მასალისა ან მონეტათა გავრცელების არეალით ეს არ დასტურდება. მეტი დამაჯერებლობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ უძველესი ქართული ზარაფხანის არსებობაზე თბილისში, სადაც უნდა მოჭრილიყო ჩვ. წ. VI საუკუნის გურგენის ვახტანგის, სტეფანოს I და სტეფანოს II დრამები. VIII საუკუნის დასაწყისიდან სურათი იცვლება: ჩნდება საჭირო ცნობების შემცველი მონეტები; ამ დროიდან იწყება მონეტების თანმიმდევრული გამოშვება: მონეტას ახლავს ამა თუ იმ ზარაფხანის ნიშანი, რაც კი სრულ საფუძველს იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ძველ საქართველოში ფულის ლეგალური მოჭრის ხუთი ცენტრის არსებობის შესახებ, ესენია: თბილისის, დმანისის, ახალციხის, ანისისა და ყარაღაჯის ზარაფხანები. იმ მონეტებთან ერთად, რომლებსაც ამა თუ იმ ზარაფხანის ნიშანი ახლდა, ძველ საქართველოში ხშირად ისეთებიც იჭრებოდა, რომლებსაც ეს საჭირო ცნობა არ გააჩნია. ასეთი მონეტების გამოშვების ადგილის გარკვევა ყოველთვის როდია შესაძლებელი, მაგრამ ზოგჯერ ამ მონეტებს ისეთი დამატებითი მონაცემები აქვთ, რომლებიც გვიადვილებენ საქმეს. სხვადასხვა ხასიათის მონაცემების ერთმანეთთან შედარებით – თარიღი, ისტორიული პირის სახელი, მონეტის ტიპი, ფაქტურა და ა.შ. – და ამა თუ იმ დროს საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ ამბებთან დაპირისპირებით შეიძლება მტკიცედ ვიმსჯელოთ საქართველოში კიდევ სამი ზარაფხანის არსებობის შესახებ, ესენია: ქუთაისის, ზუგდიდის, ჟინვალის ზარაფხანები. ქართული მონეტების განსაზღვრული ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მონეტებს საჭირო ცნობები არ ახლავს, საფუძველს იძლევა ვიმსჯელოთ კიდევ რამდენიმე ზარაფხანის არსებობის შესახებ, ესენია: უფლისციხის, არტანუჯის, გრემისა და ზაგემის ზარაფხანები; XV- XVI სს-ის განძების შედგენილობა – გორი, მნასი და პატარა ჯიხაიშის განძების ანალიზი გვარწმუნებს, რომ XV- XVI სს-ის ქართული ფულის სახესხვაობანი ჯერ კიდევ გასარკვევია. ამ მონეტებზე მტკიცედ მხოლოდ ის ითქმის, რომ ისინი ქართულია და განსაზღვრულ პერიოდს მიეკუთვნება. მათი ზუსტი განსაზღვრა ძნელდება იმის გამო, რომ მონეტების წონა დაყვანილია მინიმუმამდე. მაშასადამე, სათანადოდ მცირდება ზომა და ამის გამო გამოსახულება და წარწერა მათზე მთლიანად ვერ თავსდება: უარესდება მოჭრის ტექნიკა, მრავლდება ფულის გამოშვების პრეტენდენტების რიცხვი, რომლებიც ხშირად ერთნაირ სახელებს ატარებენ. ყოველივე ეს აძნელებს კვლევის პროცესს და მასალის შესწავლას, რასაც ისიც ართულებს, რომ მისი ძირითადი ნაწილი ცუდად არის შემონახული.
  დავით კაპანაძე, „ქართული ნუმიზმატიკა“. ყარჯინის ზარაფხანა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე XIV ს-ში ახალი ზარაფხანის – ყარჯინის ზარაფხანის ფუნქციონირების ფაქტი, სადაც ქართველი მეფეები ილხანების სახელით აწარმოებდნენ სამონეტო ემისიას. 
loading...