loading...

P.S „დამილაიქეთ“ ეს პოსტი


ნარცისიზმს პლუს სხვისი ემოციებისთვის თვალის დევნების მოთხოვნილება - სოციალური ქსელის ეს პოპულარული ფორმულა სათავეს ინტერნეტის მიღმა იღებს.

საიდენტიფიკაციოდ და კონკრეტული მოვლენისა თუ ემოციის მოსანიშნად დატოვებული წარწერები ბევრ ადგილას შეგვიძლია, ვნახოთ. დაინტერესების შემთხვევაში, უფრო მეტი რაოდენობისა და დატვირთვის მქონე ჩანაწერებს კი უნივერსიტეტების მერხებზე აღმოვაჩენთ.

სწორედ, ეს მერხები და წარწერები შეიძლება, ჩაითვალოს სოციალური ქსელის ჩანასახად. პრიმიტიულ დონეზე, მათ მსგავსი თვისებები ახასიათებთ.

გავავლოთ რამდენინე პარალელი: თითოეული მერხი განვიხილოთ, როგორც კონკრეტული ადამიანის „ექაუნთი“, რომელზეც გამოსახულ-გამოხატულია მისი მფლობელის ემოცია, განწყობა, ინტერესი, აქტუალური საკითხი მოცემული მომენტისთვის და რაც მთავარია, მრავალჯერ და ცალსახად დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო წარწერა. სოციალური ქსელის მსგავსად, საიდენტიფიკაციოდ შესაძლოა, გამოყენებული იყოს საკუთარი სახელი და გვარი ან ნებისმიერი მეტსახელ-ფსევდონიმი.

მერხებზე დატოვებული წარწერები პრიმიტიულ დონეზე ხასიათდება იმ თვისებებით, რაც სოციალური ქსელის მთავარ პრინციპად ითვლება: დაწერო ნებისმიერი რამ, რისი სურვილიც გექნება; მიმართო ის კონკრეტული ადრესატისკენ; მოიწონო ან არ მოიწონო სხვისი „პოსტი“ შენს „კედელზე“ ან სულაც, კომენტარის სახით გამოეხმაურო არსებულ წარწერებს.

მერხი იძლევა „ავატარების“ განთავსების საშუალებასაც. ისინი, რა თქმა უნდა, „ექაუნთის“ მფლობელის მიერ, ხელით არის შესრულებული. „ავატარად“ შესაძლოა, გამოყენებული იყოს „პორტრეტები“, რომლებზეც აუცილებლად მითითებულია მათი ვინაობა, ან სხვადასხვა ტიპის ხატ-ნიშნები, მაგალითად: ვარსკვლავი, ჯვარი, მზე, გული და ა.შ. მათ ქვეშაც აუცილებლად ნახავთ გამოთქმულ მოსაზრებებს.

კიდე ერთ მსგავსებად შესაძლოა, ჩაითვალოს „ჩანაწერები“. მერხებზე ისინი წარმოდგენილია ძირითადად ლექსების (სატრფიალო პოეზიის) ან „შპარგალკების“ სახით.

ყველაფერი ეს კი საბოლოოდ, იმავე მიზანს ემსახურება, რასაც სოციალური ქსელი: გქონდეს ნარცისიზმის დასაკმაყოფილებელი არეალი, არ იყო შეზღუდული ლექსიკურ-იდეური თვალსაზრისით, გამოიწვიო ინტერაქცია და თვალი ადევნო სხვების განწყობა-ემოციებს.

P.S  „დამილაიქეთ“ ეს პოსტი.
ავტორი: ნათია

იყო კარგი მმართველი


"ოდესღაც ვფიქრობდი, რომ ორგანიზაციის ფუნქციონირება ექვივალენტური იყო სიმფონიური ორკესტრის ფუნქციონირებისა, თუმცა ახლა სხვაგვარად ვფიქრობ: ეს უფრო მეტად ჯაზს წააგავს,რადგან აქ უფრო მეტია იმპროვიზაცია"- ვარენ ბენისი

რას ნიშნავს იყო "კარგი მმართველი"?

კარგი მმართველი შეიძლება არ იყოს ადამიანი, რომელიც არის ძალიან გამოცდილი, მკაცრი, ორგანიზებული, ნიჭიერი, რომელსაც შეუძლია შთამბეჭდავად ისაუბროს და თავი მოაწონოს ადამიანებს. გახსოვდეთ, რომ კარგი მმართველი ადამიანია, რომელიც შედეგებს აღწევს! 

რა გვჭირდება იმისათვის, რომ შედეგებს მივაღწიოთ და ვიყოთ კარგი მმართველები?

საქმის სიყვარული. უნდა გიყვარდეთ საქმე, რომელსაც უძღვებით. საქმის სიყვარული დაგეხმარებათ, რომ იყოთ მოტივირებული და მუდმივად  ენთუზიაზმითა და წარმატების მიღწევის ჟინით სავსე. დიახ, როდესაც შენი საქმე გიყვარს ყველაფერ სხვას   გვერდზე დებ და ერთადერთი რაზეც ფიქრობ ეს არის პროგრესი - სურვილი იმისა, რომ წინ წახვიდე და შედეგს მიაღწიო.

"არაფერია ადვილი, მაგრამ ორმაგად უფრო რთული ხდება, როდესაც მას ზიზღით აკეთებთ".

დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ. ადამიანები კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივები არიან. და იმისათვის,რომ ამ აქტივებმა ორგანიზაციის წარმატებისათვის მუდამ პროდუქტიულად იმუშაონ საჭიროა მათი მუდმივი მოტივირება და წახალისება. 

სამწუხაროა, მაგრამ მომუშავეთა უმეტესობა თავს იშვიათად გრძნობს ღირებულად და დაფასებულად. რატომ ხდება ეს, როცა არც ისე რთულია ადამიანი დააფასო და საჭირო პიროვნებად აგრძნობინო თავი ?! დამერწმუნეთ, რომ ეს არც ისე დიდ ძალისხმევას  მოითხოვს.

"ჩემს ყველაზე დიდ ღირსებად მიმაჩნია ის, რომ შემიძლია ადამიანებში შრომის ენთუზიაზმი აღვძრა. მიმაჩნია, რომ ერთადერთი ხერხი, რომლის წყალობითაც შეიძლება ადამიანში კარგი თვისებები განავითარო არის ის, რომ საჯაროდ აღიარო მისი თვისებები და წაახალისო იგი. ადამიანს შრომის ინტერესი, რომ გავუჩინო მასში ვეძებ ისეთ თვისებებს, რომლებიც ნამდვილად ქების ღირსია და გულწრფელად გამოვხატავ ჩემს აღტაცებას."-ჩარლ შვაბი (მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი)

ავტორიტეტი. მარტო შენ კი არ უნდა სცემდე შენს თანამშრომლებს პატივს, ისინიც ანალოგიურ დამოკიდებულებას უნდა იჩენდნენ თქვენს მიმართ. ყოველ თანამშრომელს უნდა უყვარდე, გაფასებდეს და შენს ყოველ მიცემულ დავალებას, მიღებულ გადაწყვეტილებასა, თუ გაწეულ რისკს ნდობითა და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს.

პასუხისმგებლობის გრძნობა. შენ გჭირდება პასუსიმგებლობის გრძნობა, რომ მიხვდე ვინ ხარ სინამდვილეში! გჭირდება პასუსმგებლობის გრძნობა, რომ იყო უფრო დისციპლინირებული, სამართლიანი და მოტივირებული... 

შემოქმედებითი უნარი - შენ გჭირდება შემოქმედებითი უნარი, რომ სწორად განსაზღვრო პრობლემები, გახადო ისინი უფრო საინტერესო, უფრო მიმზიდველი და წაიყვანო გუნდი მათი მოგვარების გზებისაკენ. ასევე შემოქმედებითი უნარი საჭიროა იმისათვის, რომ გახადო სამუშაო უფრო საინტერესო, უფრო  დახვეწილი,მარტივი და პროდუქტიული. 

გენდერი, სიყვარული და „სახერხი“ ქალები


თავიდანვე გეტყვით: არ მივეკუთვნები  ადამიანების იმ კატეგორიას გამუდმებით გენდერული თანასწორობის შესხებ რომ საუბრობენ და მამაკაცებს საკუთარი უფლებების შესახებ წამდაუწუმ ლექციებს უკითხავენ. თუმცა, არც მეორე უკიდურესობის მომხრე ვარ - „ქალი ხარ და ყველაფერი უნდა მოითმინო”-ს ვგულისხმობ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მომწონს როცა მამაკაცები ტრანსპორტში ადგილს მითმობენ, კარების წინ მუჯლუგუნებს არ მკრავენ იმის გამო, რომ თავად პირველები შევიდნენ  და ზოგადად, კარგია, როცა ქალს ეძლევა საშუალება საკუთარი ქალურობა წარმოაჩინოს.  არც დედობა მიმაჩნია ქალის ტვირთად და  არც საოჯახო საქმეების კეთებაა სათაკილო საქმე, ჩემი აზრით, თუმცა იმაზე არ ვკამათობ რომ ოჯახში როლების გადანაწილება აუცილებელია და საოჯახო საქმე მხოლოდ ქალებმა არ უნდა აკეთონ.  

მას შემდეგ რაც ქალებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ადგილი მხოლოდ „კუხნაში“ არ არის გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, მიიღეს განათლება და დასაქმდნენ,  გენდერული თანასწორობის საკითხები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

მოდით ისიც ვთქვათ, რომ ეს თემა საქართველოში ჯერ კიდევ უცხო ხილია თავად ქალებისთვისაც და ქალთა უმეტესობამ საკუთარი უფლებების დაცვა მხოლოდ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გადაწყვიტა. გადაწყვიტა, ალბათ ხმამაღალი ნათქვამია. მხოლოდ აქ-იქ თუ გაისმა რამდენიმე უკმაყოფილო განცხადება, ისიც არარეზონანსული.

როგორც წესი, საქართველოში ქალები ბევრად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მამაკაცები.  ამის ყველაზე ნათელი დადასტურება საპროტესტო აქციებია. თუკი რომელიმე აქციაზე ხართ ნამყოფი აუცილებლად შეამჩნევდით, რომ მანდილოსნების რაოდენობა გაცილებით დიდია ხოლმე და რაოდენობასაც რომ თავი დავანებოთ, ისინი უფრო მეტს აქტიურობენ, ვიდრე მამაკაცები.

თუმცა, მე არ მახსოვს აქცია, რომელიც ქალებს საკუთარი უფლებების დასაცავად გაუმართავთ. ამას წინათ ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ქართველ ქალებს ბევრი რამ, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, მემკვიდრეობით მიეცათ. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ისინი არ იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის. აქვთ მოლოდინი, რომ მომავალშიც ვინმე დაიცავს მათ უფლებებს.

საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის მოგვარება კიდევ შესაძლებელია მამაკაცების დახმარებითაც კი, მაგრამ გაცილებით რთულია ამ ურთიერთობების ინდივიდუალურ დონეზე მოგვარება.

მე პირადად, ქალისადმი უპატივცემულობის  გამოვლინების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიზეზი სიყვარულის დეფიციტი მგონია, უფრო მეტიც, სიყვარულის კომპლექსი. საქართველოში არსებობს სიყვარულისადმი მიდგომა, რომ თუ გიყვარს, ესე იგი უკვე მის ჭკუაზე უნდა იარო. ქართველ მამაკაცს კი განსაკუთრებულად აქვს სხვის ჭკუაზე სიარულის შიში ამიტომაც როგორც კი საშუალება მიეცემა, ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი ძლიერება. ძალის დემონსტრირების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება კი არის ის, რომ იმსახუროს ქალი. მსახურებაში პირდაპირ მონობას და სიტყვა მსახურს ნუ იგულისხმებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ ქალი, რომელსაც ჰყავს შვილები, აქვს სამსახური (ზოგჯერ იძულებულია იმუშაოს ეკონომიკური პრობლემების გამო), უვლის ოჯახს და ამ ყველაფერს დამხმარის გარეშე აკეთებს, ამ დროს კი მამაკაცი ტელევიზორის წინ მოკალათებული არხეინად განიხილავს დღის მნიშვნელოვან მოვლენებს. ვფიქრობ, ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე მონობასთან  გვაქვს საქმე. მამაკაცი კი, რომელსაც ქალი უყვარს, სულ ცოტა მორალურ მხარდაჭერას მაინც გამოხატავს მეუღლის თუ ოჯახის წევრის მიმართ და პროდუქტების მოსატანადაც ქალს არ გაუშვებს.  ეს მხოლოდ მინიმუმია, რა თქმა უნდა.

ცოტა ხნის წინ ერთ საინტერესო შემთხვევას შევესწარი სამარშუტო ტაქსიში. ჩემ გვერდით ორი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. ყურადღება ერთ-ერთი მათგანის ტელეფონზე უხეშად და თითქმის ყვირილით ნათქვამმა ფრაზამ მიიქცია: რას მირეკავ, ხომ გითხარი მე დაგირეკავ-მეთქი და გაბრაზებულმა დაასრულა საუბარი. თანმხლები ბიჭი დაინტერესდა და ჰკითხა: შეყვარებულია? არა, შე ჩემა რა შეყვარებული, პროსტა ვხერხავ რა. (სტილი დაცულია)

რამდენიმე გაჩერების შემდეგ „გმირი“ მარტო დარჩა და ტელეფონზე გადარეკა. წეღან მარშუტკაში  ვიყავი და არ მესმოდა, როგორ ხარ? ძალიან წყნარი და მშვიდი ტონით გააგრძელა საუბარი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

ესეც თქვენი ძლიერი სქესის გულადობის და გამბედაობის მაგალითი!

ცხადია, ზემოთაღწერილი მაგალითები ყველა მამაკაცზე არ ვრცელდება. ასე, რომ მამაკაცებო, ნუ გეწყინებათ, თუკი ჩემს ნაწერში გაბრაზების კვალს შეამჩნევთ. დამეთანხმეთ, რომ ამის მიზეზი ხშირად  გვაქვს.

მანდილოსნებს კი ვეტყვი, რომ საკუთარი უფლებების დაცვას თუ ვერ ისწავლით ის მაინც მოახერხეთ, რომ  ფემინისტი სალანძღავი სიტყვების ნუსხაში არ შეიტანოთ და ყველაზე უაზრო ხუმრობაზე: ქალი ვიცი „კუხნაში“,  პირველებმა თქვენ არ გაიცინოთ.

ავტორი: თათია კობიძე

ტელეპატი ბავშვები


ახლახანს ჩატარებული გამოკვლევებით გაირკვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალ დაბადებულებს არ შეუძლიათ საუბარი, მათ სხვა უნარები აქვთ განვითარებული. ისეთი უნარი როგორიცაა მაგალითად გარშემო მყოფი ადამიანების აზრების კითხვა.
ამ პროექტის ხელმძღვანელი არის ცნობილი იაპონელი მეცნიერი იან ლოუ. მისი აზრით ადამიანებს წესით დიდი ხნის წინ უნდა აღმოეჩინათ ადამიანის ეს უნარი. თუმცა მანამდე ამით არავინ არ დაინტერესებულა. ამ ეტაპამდე ყველაზე დიდი ამბავი, რომელიც ყველგან გავრცელდა იყო ის, რომ ახალშობილებს 40 ენაზე გამოთქმული სიტყვები ესმით ერთ თვემდე. ჩნდება კითხვა, თუ რა საჭიროა, რომ ბავშვს შეუძლია აზრების გამოცნობა. საქმე იმაშია, რომ ასეთ პროცესებში ბუნება აქტიურად არის ჩაბმული. მეცნიერების აზრით ასეთი უნარი ადამაანს დაბადებისთანავე ეხმარება საზოგადოებაში დამკვიდრებაში.
განაგრძე კითხვა:

ფსიქოლოგები ამ მოვლენას მცდარ თავდაჯერებას უწოდებენ. მათი აზრით შესაძლოა, რომ ბავშვებს მართლაც ესმოდეთ სხვისი აზრები, თუმცა ისინი რეალურად ვერ ხვდებიან რაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები. მათ უბრალოდ ბგერები და ხმაური ესმით.
მეცნიერები აკვირდებიან ახალშობილებს და აინტერესებთ, თუ რა თემებს უსმენენ ისინი. აღმოჩნდა, რომ ყოველ ახალშობილს გააჩნია წონასწორობის ცენტრი. ანუ ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. მათ კონკრეტული საკითხი იზიდავთ და თვალებით მიშტერებით გამოხატავენ ინტერესს.

loading...