loading...

როგორ გამოვიმუშაოთ ფული ბლოგის დახმარებით




საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ბლოგინგი, მსოფლიოში, შემოსავლის მიღების უკვე კარგად ნაცადი საშუალებაა, თუმცა, როგორი გულსატკენიც არ უნდა იყოს, ამ პერსპექტივის გაცნობიერებამდე, ქართველ ბლოგერებს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

სანამ პოსტის წერას დავიწყებდი, გადავწყვიტე, თემა შეძლებისდაგვარად შემესწავლა და გამერკვია, ცდილობს თუ არა ქართულ რეალობაში ვინმე ბლოგინგის საშუალებით ფულის შოვნას. თქვენც არ მომიკვდეთ! – თითო-ოროლა და ისიც, ყველაზე არაეფექტური, საშუალებებით.

დრო უკვე არსებულის კრიტიკაზე რომ არ დავხარჯო, სჯობს, ყველა ის (ჩემთვის ცნობილი) ძირითადი (!) და ლეგალური (!) საშუალება გაგიზიაროთ, რითაც ბლოგერს თავისი შემოქმედების მონეტიზაცია შეუძლია.

თანხის გამომუშავება კლიკების(წკაპების) მეშვეობით



ანუ წკაპაწკუპით . ბლოგერებმა იციან, ეს რას ნიშნავს. მათ კი, ვინც არ იცის და აინტერესებს, განვუმარტავ, რომ ეს მეთოდი გულისხმობს საკუთარ ბლოგზე, სპეციალიზებული სერვისების მიერ (adspay.ge, Google Adsense და ა.შ.) განთავსებული რეკლამის საშუალებით, თითო-ოროლა თეთრის გამომუშავებას. ფულს იხდიან რეკლამაზე ვიზიტიორთა მიერ გაკეთებული წკაპების რაოდენობის მიხედვით.

შეიძლება, ეს მეთოდი, ერთი შეხედვით, მიმზიდველად მოგეჩვენოთ, მაგრამ პერსპექტივა თვალსა და ხელშუა გახუნდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ:

ა) adspay.ge-ს მოთხოვნით, თქვენს ბლოგზე რეკლამის განთავსების აუცილებელი პირობაა, უნიკალური ვიზიტორების რიცხვი ყოველდღიურად, მინიმუმ, 200-ს შეადგენდეს;

ბ) ანაზღაურება, საშუალოდ, 1,5 თეთრი გამოდის (საიტის სერიოზულობის და სხვა პირობების გათვალისწინებით),

გ) თქვენი სტუმრებიდან რეკლამაზე, ჰა და ჰა, 10 % დააწკაპებს;

დ) Google Adsense კი ქართულენოვან საიტებს საერთოდაც არ სწყალობს.

მონაწილეობა პარტნიორულ პროგრამებში

გულისხმობს სხვადასხვა პროდუქტის თუ მომსახურების გასაყიდად შექმნილ პარტნიორულ პროგრამებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევებში, ანაზღაურება გაყიდული პროდუქტის რაოდენობის მიხედვით დაიანგარიშება და, საშუალოდ, 30 %-ს შეადგენს. ცუდი რა მეთქმის, მხოლოდ ეგ არის, ნორმალური პროდუქტი და კეთილსინდისიერი პარტნიორული პროგრამა უნდა მოიძიოთ. ეს კი ადვილი (ყოველ შემთხვევაში, ქართულ რეალობაში) სულაც არაა.

თემატური რეკლამა

იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული თემატური ბლოგი გაქვთ, შესაძლოა, მასზე, ამ თემასთან დაკავშირებული, პროდუქტების რეკლამა განათავსოთ და ამის სანაცვლოდ ყოველთვიური, ფიქსირებული ანაზღაურება მოითხოვოთ. ეს უკვე თქვენს მადასა და რეკლამის შემკვეთთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
loading...