loading...

რად კოცნიან ადამიანები ერთმანეთს?


         ხვალ დასვენების დღეა. ამიტომ უარი ვთქვი ძილზე და ფილმებს ვუყურე. თან სულ ისეთებს, ბედნიერად რომ მთავრდება. როგორც ყოველთვის, ასეთი ფილმების დასასრულს მთავარ გმირებს სიყვარულის ბუშტი უსკდებათ და ფინალური სცენაც მათი საზეიმო ამბორით გვირგვინდება. მიცვივდებიან ერთმანეთს და არის ერთი ხვევნა–კოცნა–მტლაშა–მტლუში. ეს მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად. ვიბადრები და ისე მიხარია, თითქოს მე მკოცნიდნენ.
         მოკლედ, დამთავრდა ეს მორიგი ფილმიც ტრადიციული კოცნით და მეც ჩავუღრმავდი მეტად საჭირბოროტო საკითხს. რად კოცნიან ადამიანები ერთმანეთს??? საიდან გაჩნდა ჩვენს ყოველდღიურობაში ეს უცნაური ჩვევა? თუ ქცევა? უნარი? თუ რაცაა…
        რად ვკოცნით ბოლოსდაბოლოს ერთმანეთს?
  კოცნის დროს ალბათ არც არავის სცალია იმაზე საფიქრალად, ნეტავ რად ჩავდივარ ამ უცნაურ ქმედებასო. აი მოსვენების და მოცალეობის ჟამს კიდევ შეიძლება. ხოდა რადგან მოვსვენდი და მოვცალდი ვფიქრობ და ნაფიქრალს გიზიარებთ თქვენც. 

რასაკვირველია, ამ საკითხში ჩახედული და გამობრძმედილი ადამიანები დამეთანხმებით, რომ კოცნის მრავალგვარი სახეობა არსებობს. ისეთი, ასეთი… უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ კოცნის სურვილი (გნებავთ ისეთის და გნებავთ ასეთის) ყველას უჩნდება. და არა იმიტომ, რომ ფიქრობ და ლოგიკურად მიდიხარ გადაწყვეტილებამდე – ახლა კოცნის დროა. თავისით ხდება რაღაცნაირად. ანუ ინსტიქტურად?
უამრავი კვლევა ჩაუტარებიათ დაუზარელ მკვლევარებს. უთვალავი მოხალისე უკოცნავებიათ და დასკვნებიც გამოუტანიათ. პენსილვანიის უნივერსიტეტში მაგალითად 1041 სტუდენტი მიუწვევიათ ექსპერიმენტის ჩასატარებლად (წარმომიდგენია რა ენთუზიაზმით შეუდგებოდნენ სტუდენტები მეცნიერულ მოღვაწეობას). შედეგად, სამი ძირითადი ჰიპოთეზა გამოუმუშავებიათ. პირველი – ადამიანები კოცნიან ერთმანეთს ბიოლოგიური ინფორმაციის გაცვლის მიზნით. პარტნიორის ხარისხს, მის გენეტიკურ მონაცემებსა და საკუთარ თავთან შეთავსებადობას საკოცნელი ობიექტის სუნთქვისა და ნერწყვის საშუალებით გამოყოფილი ბაქტერიების მიხედვით აფასებებენ.
  მეორე: კოცნა ზრდის ორგანიზმში უცნაური სახელწოდების ჰორმონის, ოქსიტოქსინის შემცველობას, რომელიც რაღაცნაირად, ასევე უცნაურად მოქმედებს ადამიანების პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. მესამე: კოცნა ზრდის სექსუალურ ლტოლვას და ურთიერთშერწყმის შანსს (როგორც ჩანს, ექსპერიმენტის დროს ზედმეტად გახელდნენ მოხალისე სტუდენტები).
    ერთ მეტად უმსგავს და არაესთეტურ თეორიასაც წავაწყდი. ეს თეორია ამტკიცებს, რომ ქვის ხანის ადამიანები, გამოყოფდნენ რა, ოფლთან ერთად მარილს, ამავე მარილის ნაკლებობის შემთხვევაში, ერთმანეთს, ბებიაჩემის თქმის არ იყოს, ლოშნიდნენ (მარილის მარაგის შევსების მიზნით). ჰმ…. კიდევ ერთი სრულიად არარომანტიული ვერსია ამტკიცებს, რომ კოცნა იგივეა, რაც ძაღლების მიერ ერთმანეთის ყნოსვის პროცედურა. როცა ადამიანს კოცნი, იღებ მისგან ყველანაირ ინფორმაციას (უცბად წარმოვიდგინე, გაცნობის ასეთი ხერხი რომ იყოს საზოგადოებისთვის მიღებული და ოფისებში ყველა მომსვლელთან კოცნაობას ვაჩაღებდეთ თათბირის წინ, მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით)….
   ხო, საზოგადოებაზე გამახსენდა, ბევრი ამბობს, რომ კოცნის რომანტიულობა რომანტიულ სიტუაციებში, საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული სტერეოტიპია. რასაც ხედავ, გგონია რომ შენც ის უნდა გააკეთო.



რომანტიზმზე გამახსენდა კიდევ ერთი ვერსია რომანტიკოსებისთვის: თურმე, სუნთქვასთან ერთად ადამიანი თავის გულსა და სულს ხსნის. ამიტომ კოცნა სულთა შერწყმის საუკეთესო ხერხიც ყოფილა.

გარდა ამისა აღმოვაჩინე, რომ ქალები და კაცები სხვადასხვანაირად უდგებიან კოცნის რთულ პროცედურას. მდედრები, მეტ ყურადღებას მამრების გემოსა და სუნს აქცევენ და სულაც არ სურთ სექსი კოცნის გარეშე. მამრები კი პარტნიორების ქვედა სართულების ახლოს გაცნობისთვის მზადყოფნას, კოცნის გარეშეც მშვენივრად ახერხებენ.
ჰმ… რა საინტერესოა… თურმე პლატონიც კოცნებზე ფიქრობდა (ალბათ ჩემსავით მოცალეობის ჟამს). აი რას ამბობს მოცლილი პლატონი: ადამიანს თავიდან სფეროს ფორმა ჰქონდა, და ორივე სქესს აერთიანებდა. მას ოთხი ხელი, ოთხი ფეხი და ორი თავი ამშვენებდა. მოგვიანებით ზევსმა ეს ორსქესიანი ბურთი ორად გახლიჩა და დაარღვია ჰარმონია. ხოდა პლატონის აზრით, ახლა საბრალო მდედრები და მამრები მხოლოდ კოცნით ახერხებენ მთლიანობის დაბრუნებას.
ანთროპოლოგები აცხადებენ, რომ ადამიანების მხოლოდ 90% კოცნაობს. დარჩენილი 10% – მაგალითად ტაიტის მკვიდრი ტომები მხოლოდ ცხვირებს უცაცუნებენ ერთმანეთს. ბალის აბორიგენები კი ლოყების ხახუნით კმაყოფილდებიან. აფრიკის რომელიღაც ტომში კოცნა მეტად საშიში ქმედება ყოფილა. თურმე კოცნით სულის გამოწოვაა შესაძლებელი (!!!) და მკოცნავი ადამიანი შეიძლება ჯადოქრად ან ვუდუდ მონათლონ.
  მოცლილი მედიკოსები კი ამტკიცებენ, რომ მტლაშა–მტლუში, განსაკუთრებით კი ვნებიანი და ხანგრძლივი ამბორი გადასარევია ჯანმრთელობისთვის. თურმე ვინც მთელი ცხოვრება კოცნაობს, 10–12 წლით დიდხანს ცოცხლობს მათზე, ვინც უკოცნელი დამრჩალა.
დაეკონეთ ერთმანეთის ბაგეებს და გაგივლით სტრესი, დაგეჭიმებათ სახის კუნთები, გაგიუმჯობესდებათ განწყობა, გაგიძლიერდებათ იმუნინეტი.
   კიდევ? კარგი, გემრიელი კოცნა 12 კილოკალორიას წვავს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ოპტიმისტურად განგაწყობს და ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ნერწყვთან ერთად გამოყოფილ ენდორფინს კბილის ტკივილის გაყუჩებაც კი შეუძლია. და არა მარტო კბილის ტკივილის (ახლა გაჩნდება სარეკლამო ტექსტები: „ვკურნავ ბუასილს ხანგრძლივი კოცნით“)…

         თურმე, ვინც დილაობით სახლიდან გასვლის წინ მეუღლეს კოცნის, 5 წლით იხანგრძლივებს სიცოცხლეს, ავტოკატასტროფებშიც არ ხვდება და მაღალ ხელფასსაც იღებს.








ხოდა რას სხედხართ და ხარჯავთ ძვირფას დროს პოსტების კითხვაში… გაქანდით და გააჩაღეთ კოცნა შესაფერის კანდიდატურასთან. არ დაკარგოთ ერც ერთი წუთი. თან გაჯანსაღდებით, თან სიამოვნებას მიიღებთ და რა იცით, იქნებ ხელფასიც მოგიმატონ…




სიცარიელე


იჯდა მარტოდ და ფანჯარაში იყურებოდა. ციოდა… ბნელოდა… ენატრებოდა…ვერაფერს გრძნობდა, აღარაფერს გრძნობდა სიცარიელის გარდა….ახსოვს, ბავშვობაში ბებიასთან ცხოვრებისას ღამ–ღამობით ტიროდა – დედასთან უნდოდა, მაგრამ ალბათ პატარაობის ბრალი იყო… გაიზარდა, საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ არავინ მონატრებია.. არც დედა, არც მამა…ახლა კი, ის ისე ენატრებოდა, რომ არ იცოდა რა ექნა ამ სიცარიელის ასავსებად… მეგობრებს ხვდებოდა, წიგნებს კითხულობდა, კლუბებში დადიოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სურდა ან აინტერესებდა, ან ერთობოდა, უფრო იმისათვის, რომ იმ სასტიკი გრძნობით არ გაგიჟებულიყო.

სიცარიელე….

გამოდის მას აქამდე არც სცოდნია მონატრება. უცნაურია, თუ ასეა და ცხოვრებაში ადრე არავინ არასოდეს მონატრებია, ამჯერად რა იცის, რომ ახლა ეს გრძნობა რეალურია?გაეცინა თავის სისულელეზე.
  იცოდა და მთელი არსებით გრძნობდა, რომ სჭირდებოდა ის ადამიანი. მისი თუნდაც ერთი შეხება… მისი მოხვევა ისეთი სანატრელი და საოცნებო გაუხდა, რომ ამაზე ფიქრიც კი ეშინოდა… შეხება, კოცნა, მოხვევა, ნაზი სიტყვა, თბილი სუნთქვა. ყველაფერი… თითქოს საუკუნე არ უნახავთ ერთმანეთი. მისი სურათი ხელში ეჭირა, კოცნიდა და ჩუმად ტიროდა.. ითვლიდა დღეებს, წუთებს…არ იცოდა რამდენ ხანს მოუხდებოდა ლოდინი…
ტკბილია მონატრება?

ო, არა!!! თითქოს იხრჩობი. კიდევ ერთი წამი და აღარ გეყოფა ჰაერი და არაფერი, ვერაფერი გიშველის, ვერაფერი გადაგარჩენს.

მხოლოდ ის…


როგორ უნდოდა, რომ ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. უნდოდა გაღვიძება და გვერდით მისი სუნთქვის შეგრძნება, მისი ძლიერი და ნაზი ხელების შეხება. მაგრამ…

ნატრობდა, რომ მონატრება დამთავრებულიყო, მაგრამ არა უბრალოდ, არა თავისით, არამედ მისი თვალების შეხვედრისას….
loading...